სტარტაპ CombiQ AB-სთან თანამშრომლობა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მარტივი სენსორული ტექნოლოგიის გამოყენებით საწყობში შეჯახების რისკის შემცირება. ეს სისტემა Toyota Material Handling Europe-ის საწარმოში, შვედეთის ქალაქ მიოლბიში გამოცადეს.
სტელაჟებზე დამონტაჟებული მცირე სენსორები ვიბრაციასა და დარტყმის სიმძლავრეს ზომავს. დაფიქსირებული ინფორმაცია საერთო პლატფორმაზე იგზავნება, ხოლო ძლიერი შეჯახების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები შეტყობინებას იღებენ. შედეგად, მათ შეუძლიათ დაზიანებული მონაკვეთი დროულად შეამოწმონ და საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები მიიღონ ისე, რომ საწყობის მუშაობა არ შეფერხდეს.
სისტემის დამონტაჟებიდან რამდენიმე კვირაში სენსორებმა დაახლოებით ათი შეჯახების შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის ყველაზე ძლიერი დარტყმის მაჩვენებელი 11G იყო. ასეთი დარტყმა შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო, შესაძლოა სტელაჟი დაზიანებულიყო და თანამშრომლების უსაფრთხოებას საფრთხე შექმნოდა.
ტრადიციული შემოწმების მეთოდთან შედარებით, CombiQ-ის ტექნოლოგიამ 40%-ით მეტი საფრთხის შემცველი შემთხვევა აღმოაჩინა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებმა დაზიანებული მონაკვეთების სწრაფად შემოწმება და შემდგომი რისკების შესამცირებლად შესაბამისი ზომების მიღება შეძლეს.
„სენსორები შეჯახებას აფიქსირებს და შეტყობინებაში შემთხვევის ზუსტ ადგილსაც უთითებენ. ასეთ ინფორმაციას უშუალოდ დამტვირთველისგან ვერ მივიღებთ.“ - ფრედრიკ ვიგი (Fredrik Wigh), Toyota Material Handling Europe-ის ინოვაციური პროგრამების მენეჯერი
ინიციატივაში სტრატეგიული ინოვაციების ოფისი (SIO) ჩაერთო, რომელიც კომპანიის შიდა გამოწვევებს შესაბამის ტექნოლოგიებთან აკავშირებს. ოფისმა CombiQ საიმედო პარტნიორად შეარჩია და მისი ტექნოლოგია Toyota Material Handling Europe-ის ლოგისტიკურ გარემოში გამოსცადა. საწარმოში ტექნოლოგიის გამოყენებისას გამოჩნდა, რამდენად ეფექტურად მუშაობდა ის ყოველდღიურ პროცესებში.
„მსგავსი საპილოტე პროექტი ერთ მომხმარებელთან უკვე გვქონდა გამოცდილი. ვიფიქრე, რომ ამ მიდგომის გამოყენება Toyota Material Handling-ის საოპერაციო პროცესებშიც შედეგიანი იქნებოდა.“ - იოაკიმ ნორდენი (Joakim Nordén), CombiQ-ის გაყიდვების მენეჯერი
"ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგია არ არის. ის ასევე მოითხოვს გამბედაობას, რომ სიახლეებს შიშის გარეშე შეხვდე”
ფრედრიკ ვიგი (Fredrik Wigh), Toyota Material Handling Europe-ის ინოვაციური პროგრამების მენეჯერი
საპილოტე პროექტი ღია ლოგისტიკურ სივრცეში დაინერგა, სადაც სტელაჟები ხშირად ზიანდებოდა შეჯახების შედეგად. საწარმოო ხაზის ხელმძღვანელებისა და ტექნიკოსების ჩართულობით გუნდმა სენსორების მგრძნობელობა შეამოწმა და ცრუ განგაშის შესამცირებლად შესაბამისი ზღვარი დააწესა. თავდაპირველად სისტემა 1.5G სიმძლავრის დარტყმაზეც რეაგირებდა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 2.5G-მდე გაზარდეს.
„სისტემა გვაწვდის ინფორმაციას, თუ სად ფიქსირდება ყველაზე მეტი შეჯახება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გუნდს შეუძლია შეცვალოს სტელაჟების განლაგება ან გადაადგილების მარშრუტები, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში შემცირდეს.“
იონას ბიორკი (Jonas Björk), Toyota Material Handling Europe-ის საწარმოო ინჟინერიის მენეჯერი
შეჯახებების გარდა, სისტემა ტემპერატურისა და ტენიანობის მაჩვენებლებსაც აფიქსირებს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია იმ სივრცეებში, სადაც გარემო პირობებისადმი მგრძნობიარე მასალებთან მუშაობენ.
„ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან საწარმოო პროცესში ისეთ მასალებს ვიყენებთ, რომლებზეც ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილება გავლენას ახდენს.“
იენს ულბერგი (Jens Ullberg), Toyota Material Handling Europe-ის საწარმოო ტექნიკოსი
ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ახალი მიდგომების გამოცდის სურვილი და პარტნიორებს შორის ნდობა იყო. საწარმოო ხაზის ხელმძღვანელის, მოტენ ალფრედსონის (Mårten Alfredsson) თქმით, ტექნოლოგიაზე მუშაობა და მისი შემოწმება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა.
შესყიდვების გუნდები ხშირად უკვე გამოცდილ და ნაცნობ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას, SIO კი ახალ იდეებს მცირე კომპანიებშიც ეძებს. საწარმოო პროცესის მართვასთან ერთად მსგავსი ტექნოლოგიების მოძიება და შეფასება დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ SIO-ს ჩართულობა გუნდს დაეხმარა, საინტერესო იდეა ყოველდღიურ სამუშაო გარემოში გამოეყენებინა და მისი შედეგები პრაქტიკაში ენახა.
საწარმოო მასშტაბების ზრდასთან ერთად უსაფრთხოების უფრო მოქნილ და ჭკვიან სისტემებზე მოთხოვნაც იმატებს. Toyota Material Handling-ის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიდგომებისადმი ღიაობა და CombiQ AB-ის მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობა საწყობში არსებული რისკების დროულად აღმოჩენასა და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.