Toyota-ს ისტორია

Toyota-ს კორპორაციული კულტურის საფუძველი დამფუძნებლის, საკიჩი ტოიოდას მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებია, რომლებიც თაობებს უცვლელად გადაეცემა. Toyota-ს ლიდერობა ამ ღირებულებების გააზრებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას ეფუძნება. „Toyota-ს გზა“ 5 ძირითად ღირებულებას აერთიანებს:

გამოწვევა (Challenge)

გრძელვადიანი ხედვის შენარჩუნება და დასახული მიზნების მისაღწევად სიმამაცითა და ინოვაციური მიდგომებით გამოწვევებთან გამკლავება.

კაიზენი (Kaizen)

მუდმივი გაუმჯობესება. ვინაიდან სრულყოფილი პროცესი არ არსებობს, განვითარების შესაძლებლობა ყოველთვის რჩება. კაიზენის მიდგომა თითოეულ თანამშრომელს აძლევს უფლებამოსილებას, შეიტანოს ცვლილებები საკუთარ საქმიანობაში, რაც ორგანიზაციის საერთო პროგრესს უწყობს ხელს.

გენჩი გენბუცუ (Genchi Genbutsu):

ფაქტების პირველწყაროდან შემოწმება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, საერთო თანხმობის მისაღწევად და დასახული მიზნების შესასრულებლად.

პატივისცემა (Respect):

ადამიანების პატივისცემა, მათი საჭიროებების გაგება, პასუხისმგებლობის აღება და ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება.

გუნდური მუშაობა (Teamwork):

პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, განვითარების შესაძლებლობების გაზიარება და როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური შედეგების მაქსიმიზაცია.

ტოიოტას Lean აკადემია >>

საბოლოო ხედვა – დასახული მიზნისკენ სწრაფვა

„True North“ (საბოლოო ხედვა) განსაზღვრავს მიზანს, რომლისკენაც Toyota Lean Academy პარტნიორებთან თანამშრომლობისას მიისწრაფვის. ამ ხედვის განხორციელებისას მთავარი პრინციპია ფოკუსირება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, და არა მხოლოდ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. Toyota-ს წარმოების სისტემის (TPS) საბოლოო ხედვა 4 ძირითად ელემენტს აერთიანებს:

  • ადამიანების პატივისცემა და უსაფრთხოება: პირველ რიგში, უსაფრთხოების დაცვა და პერსონალის ჩართვა პროცესებისა თუ ორგანიზაციის მუდმივ გაუმჯობესებაში კაიზენის კულტურის დანერგვით.
  • ნულოვანი დეფექტი (Zero Defects): ხარისხის კონტროლი პროცესის თითოეულ ეტაპზე, მომხმარებლის კმაყოფილებისა და დეფექტების გამოსწორებასთან დაკავშირებული დანაკარგების თავიდან ასაცილებლად.
  • უწყვეტი ნაკადი მოთხოვნის შესაბამისად: Just-In-Time მიდგომა გულისხმობს პროდუქციის გამოშვებას უშუალოდ არსებული მოთხოვნის მიხედვით, რაც ჭარბ წარმოებასა და მასალების დაყოვნებას გამორიცხავს.
  • 100%-ით დამატებული ღირებულება: მომხმარებლის გამოცდილება პრიორიტეტია. დანაკარგების შემცირება და პროდუქტზე რეალური ღირებულების დამატება პროცესების მუდმივი დახვეწით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

Toyota Material Handling-ის საბოლოო ხედვაა „ნულოვანი დანახარჯი – შეფერხებებისა და დანაკარგების გამორიცხვა ტვირთებისა და მონაცემების უწყვეტი მოძრაობით“. ეს კონცეფცია საფუძვლად უდევს სტრატეგიას – „ხარისხი თითოეულ ეტაპზე“, სადაც მომხმარებლის ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზეა.

„მუდა“ (Muda) იაპონური ტერმინია და დანაკარგს, უქმად დახარჯულ რესურსს ნიშნავს. დანაკარგი სხვადასხვა სახით ვლინდება: ჭარბი წარმოება, ზედმეტი მოძრაობა, მარაგების დაგროვება, დეფექტები, ზედმეტი დამუშავება, ტრანსპორტირება და ლოდინი. Toyota-ს მიზანია „მუდას“ აღმოფხვრა როგორც საკუთარ საოპერაციო პროცესებში, ისე პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობისას.