ანძის ტიპები და Free Lift (თავისუფალი სვლა): როგორ ავირჩიოთ სიმაღლის მიხედვით

საწყობში ტვირთის აწევა მხოლოდ ტექნიკის სიმძლავრეზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, გავიგოთ, რამდენად მაღლა და რა პირობებში უნდა ავიტანოთ პროდუქცია. ამ დროს განსაკუთრებულ როლს ასრულებს დამტვირთველის ანძა, ანუ ის ნაწილი, რომელიც ჩანგალს ვერტიკალურად ამოძრავებს და საბოლოოდ განსაზღვრავს, რომელ იარუსს მისწვდება სპეც ტექნიკა.

ბევრი მხოლოდ ტვირთამწეობას ან ძრავის სიმძლავრეს აქცევს ყურადღებას, რაც არასწორია, რადგან რიგი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, შერჩეული სისტემა ორ სერიოზულ პრობლემას აჩენს: ან საჭირო სიმაღლემდე ვერ წვდება საქონელს, ან დაკეცილ მდგომარეობაში იმდენად მაღალია, რომ კარში ან კონტეინერში ვეღარ გადის.

ამ ბლოგში განვიხილავთ, თუ როგორ შევუსაბამოთ კონკრეტული მოდელი სამუშაო გარემოს.

როგორ შევარჩიოთ დამტვირთველის ანძა საწყობის სიმაღლის მიხედვით

სწორი არჩევანი ორი მთავარი პარამეტრის გაზომვით იწყება: რამდენად მაღლა უნდა ავწიოთ პალეტი და რა სიმაღლე აქვს ტექნიკას დაკეცილ მდგომარეობაში.

პირველი მაჩვენებელი სასაწყობე დამტვირთველის დასაწყობების სიმაღლეა. აქ მარტივი წესი მოქმედებს: გაზომეთ ყველაზე მაღალი თარო, სადაც საქონელი უნდა განთავსდეს და მიღებულ ციფრს დაუმატეთ 150-200 მილიმეტრი. ეს დამატებითი სივრცე ოპერატორს ეხმარება, რომ ტვირთი თაროდან ზედმეტი ხახუნის გარეშე აიღოს.

თუ საწყობში ყველაზე მაღალი იარუსი ექვს მეტრზეა, ტექნიკა დაახლოებით 6.2 მეტრს უნდა წვდებოდეს, რათა პალეტი თავისუფლად დაიდოს და მისი აღებაც გამარტივდეს. ეს, ერთი შეხედვით მცირე დეტალი, პრაქტიკაში უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობის მთავარი წინაპირობაა.

მეორე მაჩვენებელი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, დაკეცილი კონსტრუქციის სიმაღლეა. თუ ტექნიკას დაბალი ჭერის პირობებში ან საკონტეინერო სივრცეში უწევს მუშაობა, დაკეცილი ჩარჩო შესასვლელზე დაბალი უნდა იყოს. ამიტომ შენობის ყველა გასასვლელის გაზომვა შესყიდვამდე ისეთივე აუცილებელია, როგორც თაროების სიმაღლის დადგენა.

ანძის საკითხი ძირითადად ეხება ისეთ ტექნიკას, როგორიცაა სასაწყობე დამტვირთველი, თუმცა ყველა მოწყობილობას ერთნაირი მექანიზმი არ სჭირდება. მაგალითად, ელექტრო როხლი ანუ ელექტრო ურიკა ტვირთს იატაკიდან მხოლოდ ოდნავ წევს და მათ მაღალი ჩარჩო საერთოდ არ ესაჭიროება.

ელექტრო სტაკერი, ცნობილი, როგორც ელექტრო შტაბელერი უფრო მაღალ დონეზე ასვლას ახერხებს, ხოლო მაღალი სიმაღლის დამტვირთველი ზედა თაროებამდეც აღწევს. ზოგჯერ ისეთ ამოცანებს, რომლებიც სტანდარტულ თაროებს სცილდება, თვითმავალი ამწე ასრულებს, თუმცა შენობის შიგნით პროდუქციის განთავსებისთვის მაინც ანძიანი დამტვირთველი გამოიყენება.

ანძის ტიპები

რით განსხვავდება ერთმანეთისგან Simplex, Duplex და Triplex ანძები?

მექანიზმები საფეხურების რაოდენობით განსხვავდება, რაც ჩანგლის აწევის მაქსიმალურ ზღვარსა და დაკეცილი ტექნიკის გაბარიტებს განსაზღვრავს.

ერთსაფეხურიანი, ანუ Simplex ტიპი, ერთ ძირითად ჩარჩოზეა აგებული და შეზღუდულ სიმაღლეზე მუშაობს. მისი გაბარიტი აწევის დროსაც უცვლელი რჩება, რის გამოც დაბალ თაროებსა და მარტივ პროცესებს შეესაბამება.

Duplex ორსაფეხურიანი კონსტრუქციაა და ბევრად მოქნილად მოქმედებს. ის ტვირთს უფრო მაღლა წევს და ხშირად თავისუფალი სვლის ფუნქცია აქვს. Toyota-ს BT Reflex სერიის რიჩ ტრაკებზე, ანუ მაღალი სიმაღლის დამტვირთველებზე სწორედ ორსაფეხურიანი სისტემა გვხვდება, რომელიც აწევისას კარგი ხილვადობით გამოირჩევა.

Triplex სამსაფეხურიანი მექანიზმია და მაქსიმალურ სიმაღლეზეა გათვლილი. მისი უპირატესობა ისაა, რომ კომპაქტური დაკეცილი ზომის მიუხედავად, ტვირთს ძალიან მაღლა წევს (ზოგ მოდელზე ეს მაჩვენებელი რვა მეტრსაც აჭარბებს). ამის გამო სამ საფეხურიანი მოდელები სადისტრიბუციო ცენტრებსა და მაღალთაროიან სივრცეებში ჭარბობს.

Duplex vs Triplex ანძების შედარებისას არჩევანი საბოლოოდ სამუშაო გარემოს სიმაღლემდე დადის. სადაც საშუალო დონე და კარგი ხედვა საკმარისია, ორსაფეხურიანი სისტემა უკეთესია, ხოლო სადაც საქონელი მაქსიმალურ მწვერვალამდე უნდა ავიდეს, სამსაფეხურიანი მოდელი შეუცვლელია.

რა არის თავისუფალი სვლა და სად გამოიყენება?

თავისუფალი აწევა / სვლა, ანუ Free Lift, არის ის მაქსიმალური სიმაღლე, რომელზეც ჩანგალი ადის ანძის საერთო გაბარიტის გაზრდის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ მხოლოდ ჩანგალს მიაქვს ტვირთი ზემოთ, ჩარჩო კი უძრავი და დაკეცილი რჩება.

ეს პროცესი ორ შემთხვევაში ხდება: როცა შიდა მიმმართველები გარე ჩარჩოს ასწრებს ან როცა ჩანგლის საყრდენი გარე კონსტრუქციის სიმაღლეს გადააჭარბებს. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია: ტვირთი მაღლდება, ტექნიკის გაბარიტი კი ადგილზე რჩება.

ეს შესაძლებლობა ორნაირი სახით გვხვდება. შეზღუდული თავისუფალი სვლის დროს შიდა ნაწილი აწევისთანავე იწყებს მაღლა სვლას. სრული თავისუფალი სვლა კი მხოლოდ იმ მოდელებზეა, რომლებსაც ცალკე ცენტრალური ცილინდრი აქვთ. ასეთ დროს ჩანგალი საგრძნობ სიმაღლემდე ადის სანამ თავად ჩარჩო დაიწყებს გაშლას.

თავისუფალი სვლის ფუნქცია აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც ტვირთის აწევა დაბალჭერიან სივრცეში, კონტეინერში ან სატვირთო ავტომობილის ძარაშია საჭირო. ასეთ პირობებში ჩარჩოს გაშლა ფიზიკურად შეუძლებელია, პალეტის განთავსება კი აუცილებელი. ამ ფუნქციის წყალობით გამოიყენება ის სივრცე, რომელიც სხვაგვარად მიუწვდომელი დარჩებოდა.

Toyota-ს მოდელებზე ამ პროცესს Transitional Lift Control ეხმარება, რომელიც თავისუფალი და ძირითადი აწევის გადასვლას ამსუბუქებს, ჩანგალი კი უფრო თანაბრად და ვიბრაციის გარეშე მოძრაობს.

თავისუფალი სვლა

ხილვადობა და უსაფრთხოება

რაც უფრო მაღალ იარუსზე ადის ტვირთი, მით უფრო იზრდება კარგი ხილვადობის მნიშვნელობა. ოპერატორი, რომელიც ჩანგლის წვერს ნათლად ხედავს, სამუშაოს უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ასრულებს, ხოლო თაროსა და პროდუქციის დაზიანების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ამ მიზეზით ინჟინრები ქმნიან ღია ხედვის ჩარჩოებსა და გამჭვირვალე დამცავ ჭერს, რაც ზემოთ ყურებას ამარტივებს. ორსაფეხურიან მოდელებზე ეს კონსტრუქცია Panoramic View-ის სახელით არის ცნობილი, ხოლო სამსაფეხურიანზე Clear View-ის სახელით.

დახურულ სივრცეში ხშირად ელექტრო პაგრუშიკი ანუ ელექტრო დამტვირთველი მუშაობს, სადაც ვიწრო გასასვლელებში ჩანგლის წვერის მკაფიოდ დანახვა ოპერატორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მაღალ სიმაღლეზე ოპერირებას თავისი წესები აქვს. OSHA-ს სტანდარტით, ყველაზე მძიმე პალეტები ქვედა იარუსებზე უნდა განთავსდეს, მსუბუქი საქონელი კი ზედა სართულებზე. ასევე, ტვირთის აწევამდე აუცილებელია ჭერის თავისუფალი სივრცის გადამოწმება, რადგან აწეული ტვირთი ხედვას ზღუდავს. ამ წესების დაცვა უკავშირდება იმას, თუ როგორ არის დაპროექტებული სასაწყობე თაროები და რა სიმაღლეზე უწევს ტექნიკას მუშაობა.

ანძის მომსახურება და საიმედოობა

ჩარჩო და მისი მექანიზმები ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ნაწილია, რადგან ყოველ ციკლში დიდ ვერტიკალურ ძალას უძლებს. ამიტომ მისი გამართული მუშაობა ტექნიკის საიმედოობაზე აისახება.

რყევების გარეშე მოძრაობა მხოლოდ კომფორტი არაა. ის დეტალების ცვეთასაც ამცირებს. როცა ჩანგალი თანაბრად მოძრაობს და კონსტრუქცია ნაკლებად ირხევა, მექანიკური ნაწილები ნაკლებ დარტყმას იღებს და ტექნიკის გამოყენების რესურსიც ხანგრძლივდება. Toyota-ს დამტვირთველებში ამ მიზნით კონკრეტული სისტემაა დამონტაჟებული.

მექანიზმის მდგომარეობა დანარჩენი ნაწილებისგან დამოუკიდებლად არ უნდა განვიხილოთ. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ გადაადგილდება ტექნიკა. ამ მხრივ დამტვირთველის საბურავები და საერთო ბალანსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად აწევის სისტემა. გაცვეთილი საბურავი ტვირთის აწევისას ვიბრაციას ზრდის, რაც მთელ კონსტრუქციას აზიანებს.

შესაბამისი მოდელის შერჩევა სულაც არ არის რთული, თუ მის შეძენამდე სწორ კითხვებს დასვამთ. არჩევანს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: რამდენად მაღლა ადის ტვირთი, რა სივრცეში უნდა იმუშაოს მანქანამ და საჭიროა თუ არა თავისუფალი აწევა კონკრეტულ პერიმენტრზე.

Simplex – დაბალ სიმაღლეზე შესასრულებელი ოპერაციებისთვის, Duplex – საშუალო სიმაღლის თაროებთან მუშაობისას, კარგი ხედვისთვის, ხოლო Triplex კი მაქსიმალურ მწვერვალებამდე ასასვლელად უნდა გამოიყენოთ. სწორი პაგრუშიკის ანუ დამტვირთველის ყიდვა ამ მონაცემებზეა დამოკიდებული.

დამატებით დეტალებს ცალკეული მოდელების შესახებ ანძების გზამკვლევში გაეცნობით, სადაც ყველა ტიპი დაწვრილებით არის აღწერილი.