სამაცივრე საწყობის დამტვირთველი კონკრეტულ ტემპერატურულ რეჟიმში სამუშაოდ უნდა იყოს მომზადებული. ინგლისურენოვან ტექნიკურ მასალებში ასეთ ტექნიკას Cold Storage Forklift-ის სახელითაც შეხვდებით. შესაბამისი კონფიგურაციის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ საწყობის ტემპერატურა, ცივ ზონაში მუშაობის ხანგრძლივობა და ისიც, რამდენად ხშირად გადადის დამტვირთველი ცივი სივრციდან თბილში.
სტანდარტული სასაწყობე დამტვირთველი და −30°C ტემპერატურაზე სამუშაოდ მომზადებული ტექნიკა გარეგნულად შეიძლება თითქმის ერთნაირი იყოს. განსხვავება ძირითადად იმ კომპონენტებშია, რომლებზეც სიცივე უშუალოდ მოქმედებს.
ერთ-ერთი მათგანია ჰიდრავლიკური სისტემა. დაბალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივი ჰიდრავლიკური ზეთი სქელდება და სისტემაში უფრო ნელა მოძრაობს. ამიტომ სამაცივრე საწყობისთვის განკუთვნილ ტექნიკაში იყენებენ ზეთს, რომელიც ძლიერ სიცივეშიც ინარჩუნებს შესაბამის სიბლანტესა და სამუშაო თვისებებს.
საყურადღებოა ტექნიკა, რომელზეც ოპერატორი დგას ან ზის. მაგალითად, პალეტის ურიკა ხშირად ტვირთის მცირე მანძილზე გადასატანად გამოიყენება, თუმცა სამაცივრე სივრცეში მასაც შეიძლება დასჭირდეს დაბალ ტემპერატურაზე გათვლილი ზეთი და მოცურების საწინააღმდეგო საფარი. თუ იატაკზე ტენი ან ყინულია, მყარად დგომას ოპერატორის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
სიცივე მხოლოდ მექანიკურ ნაწილებზე არ მოქმედებს. დაბალ ტემპერატურაზე იცვლება ბატარეის მუშაობაც. ამიტომ ელექტრო პაგრუშიკი ანუ ელექტრო დამტვირთველი სამაცივრე საწყობისთვის ბატარეისა და მისი დამუხტვის პირობების გათვალისწინებითაც უნდა შეირჩეს.
ლითიუმ-იონის ბატარეის შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო ტემპერატურა, ისე დამუხტვის ადგილი. Toyota-ს Cold Store კონფიგურაციაში სტანდარტული ლითიუმ-იონის ბატარეით −30°C ტემპერატურაში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მუშაობაა შესაძლებელი, თუ ბატარეა მინიმუმ +5°C ტემპერატურაზე იტენება. თუ ტექნიკას სიცივეში უფრო დიდხანს უწევს მუშაობა ან ცივ სივრცეშივე რჩება, გამოიყენება გათბობადი ბატარეა.
ეს განსხვავება ყოველდღიურ სამუშაოზეც აისახება. თუ ელექტრო პალეტის ურიკა რამდენიმე საათში ერთხელ მხოლოდ დასამუხტად უნდა გავიდეს თბილ სივრცეში, დღის განმავლობაში ტემპერატურას რამდენჯერმე იცვლის. გათბობადი ბატარეის შემთხვევაში მანქანა ცივ ზონაში უფრო დიდხანს რჩება და თბილ სივრცეში ხშირი გადასვლა აღარ სჭირდება.
−30°C ტემპერატურაზე მუშაობისას პრობლემა მხოლოდ სიცივე არ არის. დამატებითი სირთულე ჩნდება მაშინ, როდესაც ძალიან ცივი დამტვირთველი თბილ გარემოში ხვდება.
მაგალითად, დამტვირთველი რამდენიმე საათის განმავლობაში საყინულეში მუშაობს, შემდეგ კი საწყობის უფრო თბილ ნაწილში გადადის. ასეთ დროს თბილ ჰაერთან შეხებისას ცივ ზედაპირზე ტენი წყლის წვეთებად ილექება. ტენი ელექტრონულ და მექანიკურ ნაწილებზეც შეიძლება მოხვდეს.
თუ დამტვირთველი სრულად გაშრობამდე ისევ −30°C ტემპერატურაზე დაბრუნდა, დარჩენილი წყალი იყინება. ყინული შეიძლება ისეთ ადგილებშიც გაჩნდეს, რომლებიც გარედან არ ჩანს. ამის გამო Cold Storage ტექნიკის სამუშაო რეჟიმის დაგეგმვისას უნდა ვიცოდეთ, რამდენად ხშირად გადაადგილდება მანქანა ცივ და თბილ ზონებს შორის.
ზოგ საწყობში ამ ორ სივრცეს შორის შუალედური, შედარებით გრილი ზონაა მოწყობილი. სხვა შემთხვევაში ტექნიკას თბილ ნაწილში მანამდე ტოვებენ, სანამ ზედაპირი სრულად გაშრება. შესაძლებელია მანქანის ცივ ზონაში უფრო დიდხანს დატოვებაც, თუმცა ამისთვის შესაბამისი ბატარეა და ტექნიკური კონფიგურაციაა საჭირო.
ეს გარემოება ტექნიკის არჩევის დროსვე უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგას დამტვირთველის შეძენა. თუ მანქანა მთელი ცვლის განმავლობაში ერთ ტემპერატურაზე მუშაობს, მისთვის სხვა კონფიგურაცია შეიძლება იყოს საჭირო, ვიდრე იმ ტექნიკისთვის, რომელიც საათში რამდენჯერმე ტოვებს საყინულეს.
სამაცივრე საწყობში ყველა სამუშაოს ერთი ტიპის მანქანა ვერ შეასრულებს. ტექნიკის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ თაროების სიმაღლე, გასასვლელების სიგანე, ტვირთის წონა და მანძილი, რომელზეც პროდუქციის გადატანაა საჭირო.
დაბალ და საშუალო სიმაღლეზე ტვირთის დასაწყობებლად შეიძლება გამოიყენონ სტაკერი, ე.წ. შტაბელერი. მაღალთაროიან საწყობში კი სხვა ტიპის ტექნიკაა საჭირო. ასეთ სივრცეში Reach Truck ანუ რიჩტრაკი ვიწრო გასასვლელებში გადაადგილდება და პალეტებს მაღალ იარუსებზე ათავსებს.
Toyota Cold Store კონფიგურაცია სხვადასხვა ტიპის სასაწყობე ტექნიკისთვის გამოიყენება. ერთ-ერთი მაგალითია BT Reflex Cold Store, რომელიც −30°C-მდე ტემპერატურაზე სამუშაოდ არის მომზადებული. ზოგ ვერსიას დახურული და გათბობადი კაბინაც აქვს. ასეთი კაბინა განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც ოპერატორი ცივ ზონაში დიდხანს რჩება.
რიჩტრაკი ყველა სამუშაოსთვის საჭირო არ არის. საწყობის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება გამოიყენებოდეს პალეტის ურიკა, სტაკერი ან სხვა ტიპის ელექტრო ტექნიკა. თვითმავალი ამწე განსხვავებული დანიშნულებისაა და სამაცივრე საწყობის შიდა სამუშაოებში ჩვეულებრივ იმავე ფუნქციას არ ასრულებს, რასაც პალეტის გადასაადგილებელი ან მაღალთაროიანი დამტვირთველი.
ტექნიკის ტიპი საწყობის მოწყობასთანაც არის დაკავშირებული. თუ სივრცეში მაღალი ასაწყობი თაროები დგას, წინასწარ უნდა გაიზომოს მაქსიმალური აწევის სიმაღლე, გასასვლელების სიგანე და მანქანის მოსაბრუნებლად საჭირო ადგილი. ამ მონაცემების გარეშე მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით დამტვირთველის არჩევა საკმარისი არ არის.
სამაცივრე საწყობში მუშაობა მხოლოდ ტექნიკის მომზადებას არ მოითხოვს. იმავე გარემოში რამდენიმე საათის გატარება უწევს ოპერატორსაც, ამიტომ სამუშაო პირობების დაგეგმვისას მისი უსაფრთხოებაც უნდა გავითვალისწინოთ.
ხანგრძლივი სიცივე ხელების მოძრაობის სიზუსტეზე, ყურადღებასა და ფიზიკურ დატვირთვაზე მოქმედებს. მაღალი სიმაღლის Cold Storage ტექნიკაზე შეიძლება გამოიყენებოდეს დახურული და გათბობადი კაბინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპერატორი ცივ სივრცეში ხანგრძლივად მუშაობს.
მნიშვნელოვანია შესაბამისი სამუშაო სამოსიც. რამდენიმე ფენისგან შემდგარი თბილი ტანსაცმელი სხეულს სიცივისგან იცავს, თუმცა მოძრაობას არ უნდა ზღუდავდეს. ხანგრძლივი ცვლის დროს სამუშაო რეჟიმიც ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ოპერატორმა პერიოდულად თბილ სივრცეში გადასვლა შეძლოს.
იატაკის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. ყინული და ტენი მანქანის დამუხრუჭებასა და მოხვევაზე მოქმედებს. ამიტომ სამუშაოს დაწყებამდე უნდა შემოწმდეს იატაკი, საბურავები, მუხრუჭები, ჩანგლები და სხვა დამტვირთველის ნაწილები, რომლებზეც დაბალი ტემპერატურა და ყოველდღიური დატვირთვა მოქმედებს.
სამაცივრე საწყობის დამტვირთველი მხოლოდ ტემპერატურის მიხედვით არ უნდა შეარჩიოთ. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რამდენ ხანს იმუშავებს მანქანა −30°C გარემოში, სად დაიმუხტება ბატარეა, რამდენად ხშირად დატოვებს საყინულეს და რა მანძილის გავლა მოუწევს ერთი ცვლის განმავლობაში.
ასევე საჭიროა თაროების მაქსიმალური სიმაღლის, ყველაზე ვიწრო გასასვლელისა და ტვირთის წონის ცოდნა. ამ მონაცემებით უფრო მარტივად განისაზღვრება, საკმარისია ელექტრო პალეტის ურიკა, საჭიროა სტაკერი თუ სამუშაოს მაღალთაროიან სივრცეზე გათვლილი რიჩტრაკი შეასრულებს.
მუშაობა დაბალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივი საწყობის რეჟიმისგან რადიკალურად განსხვავდება. შესაბამისი ჰიდრავლიკური ზეთი, ბატარეის ტიპი, კონდენსაციის კონტროლი და ოპერატორის სამუშაო პირობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუ ეს საკითხები ტექნიკის შერჩევამდე შეფასდება, სამაცივრე საწყობში სამუშაო პროცესის დაგეგმვაც უფრო გამართული იქნება.