დეკარბონიზაცია და გარემოსდაცვითი პრიორიტეტები

როგორც ტექნიკისა და საოპერაციო სისტემების მწარმოებელი, Toyota Material Handling მუდმივად მიისწრაფვის გარემოზე კლიმატური ზემოქმედების შემცირებისკენ, როგორც საკუთარ საწარმოო პროცესებში, ისე მომხმარებელთა საქმიანობაში. ამ შედეგს კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების, გააზრებული პროექტირებისა და წარმოების ეფექტური მეთოდების დანერგვით აღწევს. აღნიშნული მიდგომა მოიცავს მონაცემთა მუდმივ მონიტორინგს, დანაკარგების თავიდან აცილებას, ენერგიისა და ემისიების მართვას, ასევე დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების განვითარებას.

ამბიცია და სტრატეგიული მიზნები

Toyota Material Handling Europe გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას კომპლექსური მიდგომით ახერხებს. კომპანია მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე აქტიურად მუშაობს სათბურის აირების ემისიების შემცირებაზე. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ზოგ შემთხვევაში მათ აჭარბებს კიდეც.

კომპანიის მთავარი ამოცანაა, რომ 2041 ფისკალური წლისთვის მთელ საწარმოო ჯაჭვში სათბურის აირების წმინდა ნულოვან მაჩვენებელს (Net Zero) მიაღწიოს. ეს სტრატეგიული მიზნები 2024 წელს წარედგინა და ოფიციალურად დაამტკიცა ორგანიზაციამ Science Based Targets initiative (SBTi).

Net Zero პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა ყველა მხარის, როგორც მწარმოებლების, ისე მომხმარებლების მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს. პროდუქციის შეკეთების, განმეორებითი გამოყენების, განახლებისა და გადამუშავების პრიორიტეტიზაციით, კომპანია ეტაპობრივად აპირებს ცირკულარული ბიზნეს-მოდელზე გადასვლას.

 

 

მდგრადობის ანგრიში 2025

 

 

 

„ჩვენი მიზანია, ვიყოთ ინდუსტრიის ლიდერი გარემოსდაცვით საკითხებში, წარმოებაში მივაღწიოთ ნულოვან ემისიას და გადავიდეთ ცირკულარულ ეკონომიკაზე. გვინდა, მომხმარებელმა იცოდეს, რომ Toyota მისი სანდო პარტნიორია მდგრადი განვითარების გზაზე.“

პერ ფირენიუსი,
კორპორაციული განვითარების უფროსი, ვიცე-პრეზიდენტი

პროგრესი წმინდა ნულოვანი ემისიებისკენ 

SBTi-მ დაადასტურა, რომ კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები ვადების, ემისიების მოცულობისა და ამბიციურობის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიების, Scope 1-ისა და Scope 2-ის, შემცირების გეგმა კი გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვის სცენარს შეესაბამება.

კომპანიამ შემდეგი ვალდებულებები აიღო: 

  • Scope 1 და Scope 2 ემისიების 50%-ით შემცირება 2031 ფისკალურ წლამდე;
  • Scope 3 ემისიების 25%-ით შემცირება 2031 ფისკალურ წლამდე;
  • Scope 1, Scope 2 და Scope 3 ემისიების ჯამურად 90%-ით შემცირება 2041 ფისკალურ წლამდე. 

კომპანიამ ასევე განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული Net Zero მიზანი, რომლის მიხედვითაც 2041 ფისკალური წლისთვის ემისიები კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე წმინდა ნულოვან ნიშნულამდე უნდა შემცირდეს. SBTi-ს სტანდარტებით, ეს ძალიან ამბიციურ განაცხადად შეფასდა.

ამ მიზნის მისაღწევად კომპანია თავდაპირველად ემისიების მაქსიმალურად შემცირებაზე იმუშავებს. მხოლოდ ის მცირე ნაწილი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იქნება, SBTi-ს კრიტერიუმების შესაბამისად განეიტრალდება. ამასთან ერთად, კომპანია განაგრძობს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას და წარმოებაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას. 

ვრცლად Net Zero პროგრამის შესახებ

მიმდინარე ინიციატივები

დაბინძურების მონიტორინგი და პრევენცია

Toyota Material Handling Europe საწარმოო პროცესებში მუდმივად აკონტროლებს პოტენციურად დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყენებას და ცდილობს, მათი რაოდენობა მაქსიმალურად შეამციროს. იქ, სადაც ასეთი ნივთიერებების გამოყენება აუცილებელია, მათ მხოლოდ საჭირო რაოდენობით და მკაცრად კონტროლირებულ პირობებში იყენებენ. ქარხნებში, სავაჭრო წარმომადგენლობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებში დანერგილია მკაფიო პროცედურები, რომლებიც გარემოს დაბინძურების რისკს ამცირებს და ინციდენტის შემთხვევაში მოქმედების წესს განსაზღვრავს. 


წმინდა ნულოვანი ემისიის მიზნებზე მუშაობა და ცირკულარული მიდგომების დანერგვა წიაღისეული საწვავის მოხმარებას ამცირებს. შედეგად, ნაკლებია როგორც მავნე ნივთიერებების გამოყოფა, ისე გარემოს დაბინძურების საფრთხე.

კომპანია ყურადღებას მომწოდებლებთან დაკავშირებულ რისკებსაც აქცევს. მომწოდებელთა ქცევის კოდექსი სტრატეგიული პარტნიორებისგან ISO 14001 სტანდარტის დაცვასა და EcoVadis-ის პლატფორმაზე გარემოსდაცვითი საქმიანობის შეფასებას მოითხოვს. ამასთან ერთად, კვლევისა და განვითარების, ასევე შესყიდვების გუნდები მომწოდებლებთან აქტიურად თანამშრომლობენ, რათა REACH რეგულაციის შესაბამისად გამოავლინონ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებები, SVHC, და ეტაპობრივად შეამცირონ მათი გამოყენება. 

 

ტყის გაჩეხვის პრევენცია და ნედლეულის წარმოშობის კონტროლი

Toyota Material Handling Europe ევროკავშირის ტყის ჩეხვის საწინააღმდეგო რეგულაციის, EUDR-ის, მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის მომზადებას განაგრძობს. რეგულაცია ძირითადად ბუნებრივი კაუჩუკის შემცველ მასალებს ეხება და კომპანიებს ავალდებულებს, დაადასტურონ ნედლეულის წარმოშობა და აკონტროლონ მისი გადაადგილება მოპოვებიდან საბოლოო პროდუქტის მიწოდებამდე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მასალების უმეტესობას ევროკავშირის ქვეყნებიდან ყიდულობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნედლეულის წარმოშობა დადასტურებული იყოს და მისი მოპოვება ტყის გაჩეხვას არ უკავშირდებოდეს.

ამისთვის კომპანია მომწოდებლებთან ერთად აგროვებს საჭირო მონაცემებს და აუმჯობესებს ნედლეულის წარმოშობის შემოწმების პროცესს. მიღებული ინფორმაცია მათ შესაძლო რისკების დროულად გამოვლენასა და რეგულაციის მოთხოვნების დაცვაში დაეხმარება.

ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, EUDR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის საბოლოო ვადა 2026 წლის დეკემბრამდე გადაიწია. კომპანია აკვირდება საკანონმდებლო ცვლილებებს და ახალი მოთხოვნების დამტკიცების შემდეგ მოსამზადებელ სამუშაოებს მათ შესაბამისად გააგრძელებს. 

 

Worker refurbushing Toyota used forklift

ცირკულარული ეკონომიკა და პროდუქტის მდგრადი დიზაინი

Toyota Industries Corporation-ის ხედვის შესაბამისად, კომპანიამ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა შეიმუშავა. მისი მთავარი მიზნებია პროდუქციის გამოყენების ვადის გახანგრძლივება, ნარჩენების შემცირება და მეორადი ნედლეულის უფრო ფართოდ გამოყენება. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სათადარიგო ნაწილების აღდგენა, დამტვირთველების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და ლითიუმის ბატარეების გადამუშავების ევროპული ქსელის განვითარება.

დიზაინის გუნდი, DfE, ეკოდიზაინის პრინციპებს პროდუქციის დაგეგმვის ეტაპიდანვე ითვალისწინებს. გუნდი ასევე აკონტროლებს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვას და აფასებს, რა გავლენას ახდენს პროდუქტი გარემოზე. შედეგად, კომპანია თანდათან გადადის სამუშაო მოდელზე, რომელიც რესურსების უფრო გონივრულად იყენებს.

პროდუქციის გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად კომპანიამ სიცოცხლის ციკლის შეფასების, LCA-ს, ახალი მეთოდი შეიმუშავა. იგი ISO 14040 და ISO 14044 სტანდარტებს ეყრდნობა და პროდუქტის სრულ ციკლს მოიცავს, ნედლეულის მოპოვებიდან მის გამოყენებამდე და გადამუშავებამდე. SWE120 მოდელის ელექტრო სტაკერზე ჩატარებულმა საცდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მეთოდით პროდუქტის გარემოზე გავლენის შეფასება შესაძლებელია.

საფრანგეთში, ანსენის განახლების ცენტრში მეორად დამტვირთველებს აღადგენენ, არემონტებენ და ტექნიკურად აახლებენ. 2021 წელს გახსნილი, 3 000 მ² ფართობის ცენტრი Toyota-ს საწარმოო სისტემის, TPS-ის, სტანდარტებით მუშაობს. აღდგენილი ტექნიკის ხელახლა გამოყენება ამცირებს ახალი ნედლეულის მოხმარებას და მომხმარებელს ახალი დამტვირთველის საიმედო, უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივას სთავაზობს. 

 

ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია

მთავარი მიღწევები

სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემა

კომპანიის ყველა ქარხანა ISO 14001 სტანდარტის შესაბამისი გარემოსდაცვითი მართვის სისტემით მუშაობს. იგივე მიდგომა ეტაპობრივად ინერგება სავაჭრო წარმომადგენლობებშიც, რათა გარემოსდაცვითი მოთხოვნები კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულებაზე გავრცელდეს.

ISO 14001 სერტიფიკატის ფლობა მსხვილ მომწოდებლებსაც მოეთხოვებათ. ამასთან ერთად, ისინი ხელს აწერენ მომწოდებელთა ქცევის კოდექსს. დანარჩენი პარტნიორების საქმიანობა EcoVadis-ის სისტემით ფასდება, რაც კომპანიას მიწოდების ჯაჭვში გარემოსთან დაკავშირებული რისკების დროულად გამოვლენასა და შემცირებაში ეხმარება.

ევროკავშირის REACH რეგულაციის შესაბამისად, Toyota Material Handling მომხმარებლებს წერილობით აცნობებს, შეიცავს თუ არა პროდუქცია განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებებს, SVHC-ს. ეს ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე ყოველწლიურად ახლდება. 

 

მომწოდებლებისა და პარტნიორების ჩართულობა EcoVadis-ის პლატფორმაზე

გარემოს დაცვა ერთ-ერთია იმ ოთხ სფეროს შორის, რომლებსაც EcoVadis კომპანიის საქმიანობის შეფასებისას განიხილავს. ამ მიმართულებით Toyota Material Handling-მა 90% მიიღო, რაც უმაღლეს, Outstanding შეფასებას შეესაბამება.

ნახშირბადის ემისიების შემცირება მხოლოდ კომპანიის შიდა საქმიანობაზე არ არის დამოკიდებული. პროცესში მომხმარებლების, მომწოდებლების, თანამშრომლებისა და საზოგადოების მონაწილეობაც საჭიროა. ამ მიზნით კომპანია მათთან თანამშრომლობას აძლიერებს და გარემოსდაცვით მონაცემებს უფრო გამჭვირვალეს ხდის.

ამ ეტაპზე 400-ზე მეტმა მომწოდებელმა EcoVadis-ის პლატფორმაზე უკვე გააზიარა ინფორმაცია ნახშირბადის ემისიების მართვისა და შემცირებისთვის მზადყოფნის შესახებ. 

 

PFAS ნივთიერებების კონტროლი და რისკების შემცირება

2025 წელს კომპანიამ PFAS ნივთიერებების, პერ და პოლიფტორალკილური ნაერთების, შესწავლის ფართომასშტაბიანი პროგრამა დაიწყო. ამ ჯგუფში 10 000-ზე მეტი სამრეწველო ქიმიკატი შედის, რომელთა ნაწილი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხეს შეიცავს.

პროგრამის ფარგლებში კომპანიამ მომწოდებლებისგან შეაგროვა ინფორმაცია ნაწილებსა და მასალებში PFAS ნივთიერებების შემცველობის შესახებ. პარალელურად, შიდა შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა საწარმოო პროცესის ის ეტაპები, სადაც შესაძლოა ეს ნივთიერებები გამოიყენებოდეს.

მიღებული მონაცემები კომპანიას ეხმარება, დროულად გამოავლინოს შესაძლო რისკები, მოძებნოს უფრო უსაფრთხო ალტერნატივები და პროდუქცია საკანონმდებლო მოთხოვნებს შეუსაბამოს. ეს მიდგომა ასევე ხელს უწყობს მომხმარებელთა გარემოსდაცვითი მიზნების შესრულებას.