კომპანიის ცირკულარული სტრატეგია პროდუქციის გამოყენების ვადის გახანგრძლივებას, ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებული მასალების გამოყენებას ეფუძნება. ამ მიზნებს ემსახურება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის შეფასების ახალი მეთოდები, ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინება და ტექნიკის განახლების ცენტრში (Refurbishment Centre) ჩადებული ინვესტიციები. ცენტრში გამოყენებულ დამტვირთველებს აღადგენენ, ტექნიკურად აახლებენ და ხელახლა გამოყენებისთვის ამზადებენ.
ახალი ინსტრუმენტების, რისკების რუკისა და ეკოდიზაინის სამოქმედო გეგმის დახმარებით, გარემოსდაცვით საკითხებს პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე ითვალისწინებენ. ამ სამუშაოს სპეციალური აღმასრულებელი მრჩეველი კოორდინირებს.
ამ მიდგომის შედეგები უკვე ჩანს კონკრეტულ ინიციატივებში. მათ შორისაა აღდგენილი სათადარიგო ნაწილების გამოყენება, ტექნიკის მომსახურების ვადის გახანგრძლივება და ელემენტების გადამუშავების ევროპული ქსელის გაფართოება. კომპანიის ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკა ასევე შეესაბამება Toyota Industries Corporation (TICO) და Toyota Industries Europe (TIE) მიერ დადგენილ რესურსების მართვის სტანდარტებს.
აკადემიურ სექტორთან მრავალწლიანი თანამშრომლობა კომპანიას ეხმარება, რომ გარემოსდაცვითი საკითხები დიზაინისა და პროექტების დაგეგმვის ეტაპზევე გაითვალისწინოს. შედეგად, ცირკულარული პრინციპები მხოლოდ ცალკეულ ინიციატივებად არ რჩება და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაშიც ნელ-ნელა მკვიდრდება.
“კომპანია ცირკულარულ სტრატეგიას მკაფიო მიზნებით მიჰყვება. ეს გეგმები მხოლოდ თეორიად არ რჩება. ისინი რეალურ პროექტებში აისახება.”
ვილემ სტეჰოუერი (Willem Stehouwer)
Toyota Material Handling Europe-ის აღმასრულებელი მრჩეველი
ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არსებული რესურსების ხანგრძლივად და სრულად გამოყენებაა. ამ მიდგომის პრაქტიკაში დანერგვის ერთ-ერთი გზა ტექნიკის იჯარაა, რადგან ერთი დამტვირთველი ექსპლუატაციის პერიოდში რამდენიმე მომხმარებელს ემსახურება და მისი რესურსიც სრულად გამოიყენება.
Toyota Material Handling Europe ევროპის მასშტაბით დაახლოებით 250 000 საიჯარო დამტვირთველს მართავს. კომპანიაში დაბრუნებული ტექნიკის დაახლოებით 60% შემოწმებასა და განახლებას გადის, შემდეგ კი წარმომადგენლობების მეშვეობით მეორად ბაზარზე იყიდება. კიდევ 30% დამოუკიდებელ დისტრიბუტორებთან გადადის, რომლებიც მას ხელახლა იყენებენ ან აქირავებენ. ამასთან, მომხმარებლებზე გაყიდული მეორადი დამტვირთველების 40% მოგვიანებით კვლავ იჯარისთვის განკუთვნილ ტექნიკას უერთდება.
ამ მიდგომით ტექნიკა უფრო დიდხანს რჩება გამოყენებაში, მცირდება ახალი რესურსების მოხმარება და ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნება. შედეგად, იჯარის მოდელი კომპანიას მდგრადი მიზნების მიღწევაში ეხმარება, მომხმარებელს კი გარემოზე ნაკლები მავნე ზემოქმედების მქონე ტექნიკასა და მომსახურებას სთავაზობს.
დამტვირთველის საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ცირკულარული მიდგომის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ევროპის 30-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ ტექნიკურ ქსელში 6 100-ზე მეტი კვალიფიციური ტექნიკოსი მუშაობს. ფართო გეოგრაფიული დაფარვის გამო ტექნიკოსები მომხმარებლებთან უფრო სწრაფად მიდიან და მათ შესაბამის ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობენ. შედეგად, ტექნიკური ხარვეზების დროულად აღმოიფხვრა ხდება და დამტვირთველი უფრო დიდხანს მუშაობს.
დამტვირთველების შესაკეთებლად და გასაახლებლად ევროპის მასშტაბით ფლოტის მართვის 40 ცენტრი (FMC) მუშაობს. იქ ტექნიკას ამოწმებენ, დაზიანებულ ნაწილებს არემონტებენ და ხელახლა გამოყენებისთვის ამზადებენ.
საფრანგეთის ქალაქ ანსენში ასევე ფუნქციონირებს 3 000 კვ.მ ფართობის სპეციალიზებული ცენტრი (RFC), სადაც 45 გამოცდილი ტექნიკოსი მუშაობს. Toyota-ს საწარმოო სისტემის (TPS) პრინციპების მიხედვით, ცენტრში ტექნიკას ერთიანი სტანდარტებით აღადგენენ. ამ გზით დამტვირთველების სამუშაო ვადა იზრდება, ახალი ტექნიკის წარმოებისთვის ნაკლები რესურსი იხარჯება და ნარჩენების რაოდენობაც მცირდება.
My Toyota პლატფორმა და I_Site სისტემა კომპანიებს დამტვირთველების მუშაობის შესახებ საჭირო მონაცემებს აწვდის. სისტემაში შესაძლებელია დარტყმების, ბატარეის მდგომარეობისა და ტექნიკური ხარვეზების მონიტორინგი, ასევე შეკეთებისა და მომსახურების წინასწარ დაგეგმვა.
მიღებული ინფორმაცია კომპანიებს პრობლემების დროულად აღმოჩენასა და გაუთვალისწინებელი შეფერხებების შემცირებაში ეხმარება. შედეგად, დამტვირთველები უფრო დიდხანს და საიმედოდ მუშაობს, ხოლო მათი მოვლისთვის საჭირო დრო და რესურსი უფრო გონივრულად იხარჯება.
უსაფრთხო და ენერგოეფექტური ლოგისტიკური სისტემების განვითარება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების ერთ-ერთი გზაა. ამ მიზნის მისაღწევად Toyota Material Handling პარტნიორ კომპანიებთანაც თანამშრომლობს. მაგალითად, SSAB-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ხელის ურიკებისა და ელექტრო
ურიკების წარმოებაში გადამუშავებული ფოლადი გამოიყენება. ამის შედეგად მცირდება ახალი ნედლეულის მოხმარება და ფოლადის წარმოებასთან დაკავშირებული ნახშირბადის ემისია.