ჭკვიან დამტვირთველებში ტელემატიკის აპარატურაა ჩაშენებული, ამიტომ ტექნიკა I_Site აპლიკაციას მარტივად უკავშირდება. ეს აპლიკაცია დამტვირთველების დატვირთვასა და ოპერატორების ქცევას აკონტროლებს და აღრიცხავს. ამ სისტემის გააქტიურება ძალიან მარტივია, შეგროვებული მონაცემები კი ოპერაციების გაანალიზებასა და ბიზნესის გაუმჯობესებაში ეხმარება მომხმარებელს.
სასაწყობე პროცესების შეუფერხებელი მართვა დღეს მთავარი გამოწვევაა, მომავალში კი დატვირთვა გაცილებით მოიმატებს. აღნიშნულ მოცემულობას კომპანია Toyota ტექნიკის კოორდინირებული მოქმედებით ეხმაურება. სისტემაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი კონკრეტულ დამტვირთველს საჭირო ლოკაციაზე ზუსტად შერჩეულ დროს აგზავნის. მაღალი სიზუსტის შედეგად ოპერაციების ეფექტიანობა მაქსიმუმს აღწევს, ენერგია, დრო და სივრცე კი ყოველგვარი დანაკარგის გარეშე იხარჯება.
Logiconomi ის ტერმინია, რომლითაც Toyota საკუთარ სამუშაო ფილოსოფიას აღწერს. მისი მიზნებია ოპტიმიზებული პროცესების დანერგვა, დანაკარგების აღმოფხვრა და ეფექტურობის გაზრდა. ამ ყველაფერს კომპანია ინოვაციებითა და თანამოაზრე პარტნიორებთან თანამშრომლობით აღწევს.
გლობალური ტენდენციების – ელექტრონული კომერციისა და ციფრულ ტექნოლოგიების პოპულარობის – კვალდაკვალ, ტვირთის დამუშავების ინდუსტრია სწრაფად იცვლება. ამ ცვლილებებთან ფეხის ასაწყობად Toyota პარტნიორ კომპანიებთან, Vanderlande-სა და Microsoft-თან, ერთად მუშაობს და ლოგისტიკის თანამედროვე სისტემებს ქმნის.
ამ მიდგომის ნაწილია Logiconomi-ის სტუდენტური ჯილდოების პროგრამა, რომელიც ტვირთის დამუშავების სფეროში ახალ იდეებს ახალისებს. ახალგაზრდა დიზაინერებთან დიალოგისთვის შეიქმნა კონკურსი Toyota Logistic Design Competition. მისი წარმატების შემდეგ დაემატა Toyota Logistics Engineering Challenge, საინჟინრო კონკურსი, სადაც სტუდენტები ინოვაციურ ტექნიკურ პროექტებზე მუშაობენ.
ლოგისტიკის ტექნოლოგიების განვითარებას ღია აზროვნება და მოქნილი მიდგომა სჭირდება, ამისთვის კი აუცილებელია თანამშრომლობა დამკვეთებთან და თანამოაზრე მომწოდებლებთან. Toyota-ს მიზანია, დამკვეთებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და პროცესის ყოველ ეტაპზე ეფექტურობის გაზრდაში დაეხმაროს. ეს უწყვეტი პროცესია, რომელსაც კომპანია Logiconomi-ს უწოდებს. Logiconomi კონვენცია კი ის სივრცეა, სადაც კომპანია იდეებს აზიარებს, ღირებულ უკუკავშირს იღებს და სფეროს დამკვეთებთან ერთად ავითარებს.